რა როლს ასრულებს დიზაინი ბიზნესისთვის და რა მნიშვნელობა აქვს დიზაინ პროცესებს ორგანიზაციაში. ამ თემაზე ნიკა ქურდიანს ვესაუბრეთ, რომელმაც დიზაინი სრულიად ახალი მიდგომით შემოიტანა საქართველოში და ინოვაციური ნაბიჯები გადადგა დიზაინ ტრასფორმაციის მიმართულებით.
ნიკა, თქვენ როგორც ინოვატორი საქართველოს და რეგიონის სხვა ბაზრებზე, დიზაინის პრაქტიკის ნაწილშიც მოწინავე იყავით.... Როდის გაჩნდა პირველად დიზაინის აქტუალობის თემა თქვენს საქმიანობაში? Რაიმე ინსპირაცია ან წყარო გახსენდებათ, სადაც ეს ცოდნა მიიღეთ პირველად?
ადრეული ასაკიდანვე ნაცნობი იყო ჩემთვის არქიტექტურულ, ინტერიერულ თუ სხვა სახის დიზაინთან დაკავშირებული პროცესები. ჩემი პროფესიული არჩევანიდან გამომდინარე, ამ სფეროებთან უშუალო შეხება მსოფლიოს მასიური გაციფრულების შემდეგ მომიწია. ტრანსფორმაცია საბანკო სექტორზეც აისახა. გაქრა შუამავალი რგოლი, რომელიც მომხმარებელს პროდუქტთან ინტერაქციისთვის სჭირდებოდა. ამრიგად, გაიზარდა და დაიხვეწა მომხმარებლის მოთხოვნები, საჭიროებები. ამ პროცესებში გადამწყვეტი როლი ენიჭება პროდუქტისა თუ სერვისის დიზაინს. მე, როგორც ცნობისმოყვარე ადამიანი, ყველაფერს ვაკვირდებოდი, ვიაზრებდი და ვთარგმნიდი ჩემს საქმიანობაში.
Რას მოიაზრებს დიზაინი მცირე ან დამწყები ბიზნესისთვის?
დიზაინი ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა მასშტაბის ორგანიზაციისთის. ეს არის პროცესი, რომელიც ბევრი კითხვის დასმას გულისხმობს. აუცილებელია, რომ თავიდანვე კარგად გქონდეს გააზრებული, რატომ ქმნი და რა სარგებელს მოიტანს ის მომხმარებლებისთვის. ამისთვის, უნდა გაიარო აუცილებელი ქმედებების ციკლი და მაქსიმალურად სიღრმისეულად დაინახო პრობლემა, რომელსაც დადიზაინებული პროდუქტით თუ სერვისით გადაჭრი.
Საჭიროა რაიმე უნარი გქონდეს, რომ დაიწყო დიზაინერივით ფიქრი და დიზაინი იყოს შენი სამუშაოს ნაწილი?
Ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი კითხვაა. უპირველესად, უნდა იყო თავმდაბალი ადამიანი. საჭიროა გქონდეს მოსმენის უნარი და შეგეძლოს შენს აზრზე უარის თქმა. ინდუსტრიაში გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, მატულობს decision bias- სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. ამიტომ, მუდმივად უნდა შეახსენო საკუთარ თავს, რომ არ იცი და მზად იყო სხვების მოსასმენად. პროდუქტისა თუ სერვისის დადიზაინებისას, არსებობს ძალიან კარგი ,,5 რატომ''-ის პრინციპი, რომელსაც, მიყავხარ მომხმარებლის რეალურ საჭიროებამდე.
Ნიკა, რას ნიშნავს იყო „დიზაინერი CEO’’? თქვენ თავს თუ მოიზარებთ დიზაინერ CEO-დ და თუ გახსენდებათ კონკრეტული მაგალითები, თქვენი გამოცდილებიდან?
ვფიქრობ, რომ ყველა CEO პირველ რიგში დიზაინერია. მენეჯერი, რომელიც ქმნის პროდუქტს და ხელმძღვანელობს პროცესებს, გადის სრულ გზას, მომხმარებლის საჭიროებიდან მის დაკმაყოფილებამდე, თავის გუნდთან ერთად. ამაზე აქტიურად ფიქრი მიშა ლომთაძემ დამაწყებინა 12 წლის წინ, რომელიც იმ დროს ყაზახეთის უმსხვილეს ბანკს ხელმძღვანელობდა და სულ კითხულობდა წიგნებს UX/UI დიზაინზე. გლობალურ მასშტაბზე, რა თქმა უნდა, სტივ ჯობსი ამის იდეალური მაგალითია, რომელმაც მომხმარებლის გამოცდილებაზე დაფიქრებითა და დიზაინ გადაწყვეტით, განსხვავებული კონცეფციის პროდუქტი შესთავაზა ბაზარს.
რა პარალელს გაიხსენებდით ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას, რომელიც დაგეხმარათ გადაწყვეტილების მიღებაში?
ბავშვობიდან მჭიდრო კავშირი მაქვს კალათბურთთან და ვფიქრობ ეს გამოცდილება ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ოპერირებაში. კალათბურთი კარგი მაგალითია, იმისა, თუ როგორ უნდა მართო გუნდი და იზრუნო მის სინქრონიზაციაზე. მახსენდება მთამსვლელობაც. Როცა მთაში მიდიხარ, კარგად გაქვს გააზრებული ვის, რა როლი აქვს და რა გჭირდება იმისთვის, რომ მწვერვალზე ახვიდე. და ალბათ, სამხედრო ცხოვრებაც კარგი პარალელია, რადგან ამ პროცესში ფუნქციური გადანაწილება ეჯაილის მეთოდოლოგიას ეფუძნება.
ეჯაილი ახსენეთ... თქვენ ხშირად ხართ პიონერი ცვლილებების დანერგვისას. Რა ბარიერებს აწყდებით ხოლმე ცვლილებების შემოტანისას დიდ ორგანიზაციებში. Რა გამოწვევებია ამ დროს?
ცვლილებებისას ბარიერი თითქმის სულ ადამიანური ფაქტორია. ეჯაილი ურთიერთქმედების მეთოდოლოგიააა. ამ დროს ძალიან კრიტიკულია ეგოს მართვა. Self-less უნდა იყო პროცესებში, რომ გუნდურად გამოგივიდეს წარმატების მიღწევა. საკუთარი გამოცდილებიდან, სულ მაქვს გონებაში #GetridoffI. ეჯაილურ გარემოში აუცილებელია, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს პროცესის ნაწილად და ორიენტირებული იყოს გუნდის საერთო წარმატებაზე.
თქვენ როგორ ამოტივირებთ/ინარჩუნებთ გუნდის მოტივაციას სამუშაო პროცესში?
ვფიქრობ, რომ ისეთ საქმეს უნდა აკეთებდე, რომელიც თავად ამოტივირებს ხალხს. დიდი ხნის წინ წავიკითხე Daniel H. Pink – Drive და მას შემდეგ, სულ ამ მექანიზმით ვმუშაობ, როცა საქმე მოტივაციას ეხება. არსებობს მოტივაციის ფუნდამენტი - ფინანსური კმაყოფილება. ადამიანს უნდა ჰქონდეს არსებობისთვის საჭირო ანაზღაურება. Მეორე ეტაპი - არამატერიალურია. თანამშრომელს სჭრიდება მისია, რომელიც მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ მისიამდე მისასვლელად კი, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი უნარები და ცოდნა, ან ორგანიზაცია უნდა ეხმარებოდეს ამის კულტივაციაში. ამ ორი ფაქტორის დაკმაყოფილების შემდეგ, ადამიანისთვის საჭიროა ავტონომია, რათა დამოუკიდებლად შეძლოს საქმის კეთება და დაიკმაყოფილოს პროფესიული ეგო.
Როგორ ახერხებთ სულ იყოთ ინოვაციური?
ინოვაციუროობისთვის თავმდაბლობა და ცნობისმოყვარეობაა საჭირო. როცა თავმდაბალი ხარ, იაზრებ იმას, რომ ყველაფერი არ იცი. ცნობისმოყვარეობა კი უნარია იმისა, რომ ყოველდღე რაღაც ახლის გაგება გინდოდეს. და რა თქმა უნდა, შემოქმედებითობა აუცილებელი ატრიბუტია ინოვაციურობის. საკუთარ თავში, მუდმივად უნდა აკულტივირო სურვილი, რომ არასტანდარტულად იფიქრო.
Როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ბიზნესის დიზაინი 10 წლის მერე?
მომავალში დიზაინი ტექნიკური და ინტუიტიური აზროვნების კვეთაზე იქნება. მსოფლიო ხშირ შემთხვევაში ინტუიტიურად ხსნის პრობლემებს. წარმატებული Პროდუქტის შექმნასა და განვითარებას, სჭირდება ტექნიკური უნარები. ვფიქრობ, გაიმარჯვებს ის, ვინც ინტუიტიურ მიდგომას, მათემატიკურ სიზუსტეს დაუპირისპირებს და შეეცდება ადამიანის ქცევის მოდელირებას.
Რა უნდა ისწავლოს დღეს ადამიანმა, რომელსაც ციფრულ პროდუქტებთან მუშაობა სურს?
ციფრულ პროდუქტებთან მუშაობისთვის, ადამიანს უნდა ესმოდეს პროგრამირება, მონაცემების მართვა და უნდა შეეძლოს ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება. ამ ბაზისური ცოდნის დაგროვების შემდეგ, უნდა ისწავლოს ისეთი თემები, როგორიცაა მარკეტინგი, კვლევის დიზაინი თუ სხვა. თუ ადრე ეს პროცესი პირიქით იყო, ახლა მგონია, რომ სიღრმისეული ანალიტიკური უნარებისა და შემოქმედებითობის სინთეზით გადის გზა სწორ პროდუქტულ დიზაინზე.
ინტერვიუს ბოლოს გაგვიზიარეთ, Რას კითხულობთ ახლა, ან რას გვირჩევდით დაინტერესებულ ადამიანებს?
ახლა სამ წიგნს ვკითხულობ. ერთი საბერძნეთის ეკონომიკის მინისტრის, Yanis Varoufakis – წიგნია მათი კრიზის შესახებ. მეორეა Scaling up - როგორ უნდა გადაიყვანო ორგანიზაცია პატარა მასშტაბიდან დიდ მასშტაბზე და რა თქმა უნდა, არა პროფესიული ლიტერატურა. ამჯერად, კაფკას ,,პროცესი''. ვფიქრობ, რომ კითხვა აუცილებელი პროცესია. ტექნიკურ და ბიზნეს ლიტერატურასთან ერთად, ადამიანმა სულ უნდა იკითხოს ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებითვის.
ნინი პაპაშვილის ინტერვიუ







